სოციალური მედიის მონიტორინგი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დისკრედიტაციის კამპანია Facebook-ზე

20-21 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ აგორებული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ „ფეისბუქზე“ დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ კამპანიაში ის გვერდები ჩაერთვნენ, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური კანდიდატებისა და პარტიების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. აგრეთვე, მოცემული გვერდები აქტიურად ეწეოდნენ მიმდინარე წლის ივნისში მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციური კანდიდატის, შალვა შავგულიძის, დისკრედიტაციას. დისკრედიტაციის კამპანიისათვის გამოიყენება ახალშექმნილი გვერდებიც. მადისკრედიტირებელი კამპანია წარიმართა ცრუ მედიის გვერდებზეც. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა მოჩვენებითად მხარდამჭერი, ყალბი გვერდების შექმნისა და ცრუ მხარდამჭერი პოსტების დასპონსორების ტაქტიკის გამოყენების შემთხვევაც. ამასთან, აქციების საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად წარიმართება დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ, ულტრამემარჯვენე ნარატივის გვერდებზე.

 

დასპონსორებული კამპანია მადისკრედიტირებელ გვერდებზე

ანონიმური მადისკრედიტირებელი გვერდების განსაკუთრებული გააქტიურება 20 ივნისის საღამოს დაიწყო. გავრცელებული პოსტები ერთნაირ გზავნილებს შეიცავდა. ზოგ შემთხვევაში კი რამდენიმე გვერდი ზუსტად ერთნაირ ფოტო ვიზუალიზაციას იყენებდა, რომელსაც თან ერთნაირი ტექსტიც ახლდა. გამოქვეყნებულ პოსტებში მიუთითებდნენ იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და არეულობას იწყებდა და მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, მხარი პოლიციისთვის დაეჭირათ.

 

 

 

 

 

აქციის დაშლის შემდეგ, 21 ივნისს „ფეისბუქზე“ მადისკრედიტირებელი გვერდების მხრიდან დასპონსორებული კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა. მათ მიერ გავრცელებული პოსტები თანმხვედრი გზავნილებით ხასიათდებოდა. ძირითად გზავნილს წარმოადგენდა, რომ დემონსტრანტები პოლიციის წინააღმდეგ ძალადობდნენ. აღნიშნული გვერდები დასპონსორებული პოსტების სახით ავრცელებდნენ მხოლოდ იმგვარ ფოტო და ვიდეო-მასალებს, სადაც სპეცრაზმის მხრიდან ძალის გამოყენება პრაქტიკულად არსად ჩანდა. მსგავსი პოსტები უმეტესად დასპონსორებული იყო.

 

 

 

 

 

 

 

საპროტესტო აქციების მომდევნო დღეებში გაგრძელდა აქციის, მისი მონაწილეებისა და ორგანიზატორების მადისკრედიტირებელი, დასპონსორებული, სავარაუდოდ კოორდინირებული კამპანიაც. ყველაზე ხშირად გამოქვეყნებული დასპონსორებული პოსტების გზავნილს აქციების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირება წარმოადგენდა. მადისკრედიტირებელი გვერდების მთავარი ყურადღების ცენტრში აქციის ის მონაწილეები მოექცნენ, რომლებიც, მათი თქმით, წინა ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. 22-23 ივნისს რამდენიმე გვერდზე გამოქვეყნდა დასპონსორებული ვიდეო წარწერით „ახალაიას ზონდერი აქციაზე“.

 

 

 

აქციების მადისკრედიტირებელ კამპანიას კოორდინირებული სახე აქვს. აქციის მონაწილეთა მადისკრედიტირებელი ერთ-ერთი ვიდეო გამოქვეყნდა სამ დისკრედიტაციულ გვერდზე და ერთ-ერთ ცრუ მედიის გვერდზე სახელწოდებით „საინფორმაციო გვერდი“. აღნიშნულ ვიდეოში ასახული იყო სავარაუდოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი. აღსანიშნავია, რომ მოცემული ვიდეო 5 წუთის განმავლობაში სამ გვერდზე გამოქვეყნდა, რაც მათ შორის კავშირის, ერთიანი ადმინისტრირების ვარაუდს კიდევ ერთხელ ამყარებს. საგულისხმოა, რომ „საინფორმაციო გვერდის“ მმართველი პარტიის ინტერესებთან კავშირი „სამართლიანმა არჩევნებმა“ უკვე გამოავლინა. 2014წლის 20-26 თებერვლის პერიოდში აღნიშნული გვერდი მოქმედებდა სახელწოდებით „თვითმმართველობის არჩევნები/ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება/თვითმმართველობის არჩევნები“.

 

 
     
 

 

მადისკრედიტირებელი კამპანია წარიმართება აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგაც. მათ შორის მოცემული გვერდები განსაკუთრებით მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ მოქმედებენ. როგორც სხვა შემთხვევებში, აღნიშნული კამპანიაც დასპონსორებული პოსტების გავრცელებით გამოიხატება.

 

 

ულტრანაციონალისტური, ანტილიბერალაური და ანტიდასავლური ნარატივის გამავრცელებელ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ გვერდებთან თანმხვედრი გზავნილები.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების საწინააღმდეგო კამპანიის კიდევ ერთი სახის გზავნილი ჰომოფობიური შინაარსისაა. „ფეისბუქზე“ გავრცელებული დასპონსორებული პოსტების ნაწილში საუბარია, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების უკან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები დგანან. აღნიშნულის დასასაბუთებლად კი ვრცელდება მათი აქციაზე ყოფნის ამსახველი ფოტოები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გზავნილები ზუსტ თანხვედრაშია დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ულტრამემარჯვენე გვერდების გზავნილებთან, რომლებიც ანტიდასავლური ნარატივითაც ხასიათდებიან. აღსანიშნავია, რომ გვერდ „ანტი-პარადოქსი“-ზეგამოქვეყნებული ფოტოები, რომლებსაც თან ახლდა გვერდის ემბლემა, მადისკრედიტირებელი გვერდების მიერაც იქნა გამოყენებული.

 

 
     
 

 

ერთ-ერთი გვერდი, სახელწოდებით „ნაციონალისტის გვერდი“, რომელიც ნაციონალისტური ნარატივის გავრცელებით პოზიციონირებს, აქტიურად ჩაერთო აქციების საწინააღმდეგო დასპონსორებულ კამპანიაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გვერდი ამ მახასიათებლით გამოირჩევა ულტრანაციონალისტური, ანტილიბერალური და სხვა სახის ნარატივების გამავრცელებელი გვერდებისგან, რომლებსაც არ ახასიათებთ პოსტების მასობრივი დასპონსორება. ამავე დროს, გვერდზე დასპონსორებული პოსტები მადისკრედიტირებელი გვერდების პოსტების მსგავსია და ხშირად ერთნაირი მასალაც ქვეყნდება, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ მოცემული გვერდიც დაკავშირებულია ანონიმურ დისკრედიტაციულ გვერდებთან. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალისტის გვერდი“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტების გავრცელებით გამოირჩეოდა ნაციონალისტური ნარატივის გვერდებს შორის.

 

 

 

დეზინფორმაციის გავრცელება

24 ივნისს ზოგიერთ ანონიმურ მადისკრედიტირებელ გვერდზე დასპონსორებული პოსტების სახით განთავსდა სავარაუდოდ ყალბი ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიერ 20-21 ივნისის ღამის მოვლენებზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით. პოსტში აღნიშნული იყო, რომ მერაბიშვილმა წერილი ციხიდან გამოაგზავნა, რაც სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ მისმა მეუღლემ, თაკო სალაყაიამ, გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ „ტვიტერზე“ თაკო სალაყაიას გვერდი საერთოდ არ იძებნება. ამავე დროს, „ტვიტერი“ არ იძლევა წარმოდგენილი მოცულობის ტექსტის განთავსების საშუალებას. აღნიშნული ინფორმაცია არ გავრცელებულა არცერთი სანდო მედია საშუალების მიერ. გავრცელებულ ყალბ განცხადებაში დაგმობილი იყო პოლიციის მხრიდან მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენება და გაზიარებული იყო მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, გადადგომის მოთხოვნა.

 

 

 

ცრუ მხარდაჭერის ტაქტიკა

22 ივნისს „ფეისბუქზე“ მოჩვენებითად მხარდამჭერი ყალბი გვერდიც შეიქმნა. მსგავსი ტაქტიკის გამოყენების შემთხვევები სამართლიანმა არჩევნებმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც გამოავლინა. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ISFED-ის მიერ იდენტიფიცირებული იქნა ისეთი გვერდები, რომლებიც სახელწოდებისა და პოსტების შინაარსის მიხედვით ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს რომელიმე კანდიდატს ან პარტიას უჭერდნენ მხარს, თუმცა პოსტების შინაარსის გაანალიზების, გზავნილების შედარების, დასპონსორების ხარისხისა და მოქმედების სტრატეგიაზე დაკვირვების შედეგად ცხადი იყო, რომ სინამდვილეში მათი სამიზნე სწორედ ის სუბიექტები იყვნენ, ვისი სახელითაც მოქმედებდნენ.

20-21 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ შექმნილი შენიღბული ცრუ მხარდამჭერი გვერდი მოქმედებს სახელწოდებით „მე ვენდობი“. ამ დროისთვის გვერდზე ერთადერთი პოსტია გამოქვეყნებული, რომელიც გვერდის შექმნის დღესვე განთავსდა და დასპონსორებული იქნა. პოსტში მოცემული იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და ევროპული საქართველოს ლიდერების ფოტოები ჰეშთეგით - „#მევენდობი“. მოჩვენებითად მხარდამჭერი გვერდი მოუწოდებდა აქციაში მონაწილე ახალგაზრდებს, რომ მათაც ნდობა გამოეცხადებინათ წარმოდგენილი პოლიტიკოსებისათვი, რათა ერთად მიეღწიათ სასურველი შედეგისათვის.

 

 

 

მოჩვენებითად მხარდამჭერ გვერდზე განთავსებულ დასპოსნსორებულ პოსტზე ინტერაქციის ჯამურმა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. მათ შორის პოსტზე 3400-ზე მეტი კომენტარი განთავსდა, რომელთა უმრავლესობა ეჭვქვეშ არ აყენებდა პოსტის ნამდვილობას და უარყოფითად ეხმაურებოდა წარმოდგენილ მოწოდებას.

 

ცრუ მედიის გვერდები

აქციების მადისკრედიტირებელი კამპანია დისკრედიტაციულ გვერდებთან ერთად, ცრუ მედიის გვერდებზეც მიმდინარეობს. თუმცა, აქ განთავსებულ კონტენტს, ერთი შეხედვით, ახალი ამბების სახე აქვს. ცრუ მედიის მოქმედების ტაქტიკა უცვლელია. აღნიშნულ გვერდებზე არაპოლიტიკურ საკითხებზეც ქვეყნდება პოსტები, თუმცა ყველა დასპონსორებული პოსტის ქვეტექსტი ხელისუფლების მხარდაჭერა ან მისი მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციაა.

ცრუ მედიის გვერდებმა აქციების დისკრედიტაციასთან ერთად, გიორგი გახარიას მხარდამჭერი დასპონსორებული კამპანიაც წამოიწყეს. აღნიშნულ გვერდებზე განთავსდა დასპონსორებული პოსტები, რომლებშიც მოცემული იყო გახარიას მხარდამჭერი „ფეისბუქის“ ჯგუფის ან პეტიციის ბმული. პოსტში მოცემული იყო, რომ მოქალაქეები გახარიას მოუწოდებდნენ, არ დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა.

 

 

 

 

 

ნათლად იკვეთება, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დისკრედიტაციის კამპანიას, როგორც სხვა შემთხვევებში, ორგანიზებული და კოორდინირებული სახე აქვს. ამ პროცესში სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენება: მადისკრედიტირებელი პოსტების გამოქვეყნება, ცრუ მედიის გვერდების მიერ ცალმხრივი ინფორმაციის განთავსება, ყალბი ახალი ამბების გავრცელება და მოჩვენებითად მხარდამჭერი, შენიღბული ყალბი გვერდების შექმნა. ყველა შემთხვევაში აღნიშნულ კამპანიას დასპონსორებული სახე აქვს. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ჩნდება კითხვები სავარაუდოდ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ან მის სასარგებლოდ, არადეკლარირებული უკანონო თანხების გამოყენების თაობაზე. ამავე დროს, აქციების მადისკრედიტირებელი კამპანია წარიმართება დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ გვერდებზეც. აქ დასპონსორებულ კამპანიას იშვიათად აქვს ადგილი, თუმცა გამომწერთა დიდი რაოდენობის გამო მათ მიერ გავრცელებული პოსტები ინტერაქციის მაღალ დონეს აღწევს.