სოციალური მედიის მონიტორინგი

“სამართლიანი არჩევნების” რეკომენდაციები ახალ პროპაგანდისტულ საფრთხეებზე დასაპირისპირებლად

„სამართლიანი არჩევნები” 2018 წლიდან აკვირდება სოციალურ ქსელებში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებს და შეისწავლის სოციალური მედიის პლატფორმებზე წარმოებულ საინფორმაციო კამპანიებს. წლების განმავლობაში იცვლება მოქმედი აქტორების სტრატეგიები, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს, ახალ გარემოებებსა და გამოწვევებს ერგებიან. ქვეყანაში უკანასკნელი სამი არჩევნების პერიოდში პოლიტიკური სუბიექტები ან მათ სასარგებლოდ მოქმედი პირები სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ფეისბუქზე, იყენებდნენ ანონიმური ანგარიშების (გვერდები, ჯგუფები, პროფილები) რესურსს და მათი გამოყენებით აწარმოებდნენ ნეგატიურ კამპანიას.  მრავალი გვერდის/ანგარიშის მართვასთან ერთად, პოლიტიკურად მოტივირებული აქტორები მნიშვნელოვან თანხას ხარჯავდნენ ფეისბუქის რეკლამებშიც. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სოციალურ მედიაში წარმართულმა ფართო მადისკრედიტირებელმა კამპანიებმა, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო საზოგადოების ემოციურ პოლარიზაციას და საწინააღმდეგო პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების მიმართ სიძულვილის გაღვივებასაც.

საერთაშორისო ვითარების ცვლილების ფონზე, საქართველოში შეიცვალა პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელების ტენდენციებიც.  თუ მანამდე დეზინფორმაციული გზავნილების გასაჟღერებლად ანონიმური გვერდები გამოიყენებოდა, ახლა დაუფარავად მუშაობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი საპარლამენტო დეპუტატების ჯგუფი („ხალხის ძალა“) და მასთან დაახლოებული პირები, რომლებიც ღია კონფრონტაციაში ჩაერთნენ დასავლეთთან. ასევე, მომძლავრდა შეტევა არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაზე.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომელთან ერთადაც საპარლამენტო უმრავლესობას მოცემული დეპუტატები კვლავ წარმოადგენენ,  არათუ არ ემიჯნებიან „ხალხის ძალის“ განცხადებებს, ზოგჯერ იდენტურ გზავნილებსაც ავრცელებენ.  პარალელურად, მმართველი პარტიის კომუნიკაციების დეპარტამენტი ფეისბუქზე მართავს  გვერდს „სინამდვილეში”, რომელიც, გვერდის აღწერილობის მიხედვით, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებზე გამოხმაურებას ემსახურება. გვერდი მიზანში იღებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიასა და ოპოზიციური პარტიების წევრებს და აფასებს მათ განცხადებებს. ამავდროულად, არ ეხმაურება ზემოთ ხსენებული აქტორების მიერ გავრცელებულ ანტიდასავლური შინაარსის, დეზინფორმაციულ გზავნილებს.

ამასთან, საქართველოში, მსოფლიო ტენდენციების შესაბამისად, პოპულარობა მოიპოვა ახალმა სოციალურმა ქსელებმა, როგორიცაა ტიკტოკი და ტელეგრამი. Მათი ათვისება პრორუსული და ანტიდასავლურად განწყობილი ძალების ნაწილმა, მათ შორის “ალტ-ინფომ”   და მოძრაობა “აი-იას” წევრებმაც დაიწყეს, სადაც დასავლეთის საწინააღმდეგო, დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებენ. ტელეგრამზე საჯარო ჯგუფი (ჩატი) შექმნილი აქვს “ალტ-ინფოს” და უცნობთან დაკავშირებულ ანგარიშს. აღნიშნული აქტორები სარგებლობენ ტელეგრამის დაშიფრული საკომუნიკაციო ფუნქციით, რაც გამოწვევას უქადის სოციალური ქსელების მონიტორინგსა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაციებს.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო დეზინფორმაციის ნაკადის ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის, საფრთხე შეიძლება შეექმნას საზოგადოების მხარდაჭერას ქვეყნის პროევროპული კურსის მიმართ, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „სამართლიანი არჩევნები” წარმოადგენს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართულია საზოგადობის აზრის მანიპულირებისგან დაცვისკენ. მათი ნაწილი ორგანიზაციას აქამდეც გამოუთქვამს, თუმცა ცვლილებები ამ კუთხით არ განხორციელებულა.

რეკომენდაციები

სახელმწიფო ინსტიტუტებს:

  • სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტებმა აწარმოონ ევროკავშირის მხარდასაჭერი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და ხელი შეუწყონ 12 პუნქტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამავდროულად, იზრუნონ გავრცელებული დეზინფორმაციული, ანტიდასავლური შინაარსის გზავნილების გაბათილებაზე და გაძლიერებული ძალისხმევა მიმართონ საზოგადოებაში სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ ნდობისა და მხარდაჭერის განმტკიცებისკენ;
  • განგრძობით რეჟიმში ითანამშრომლონ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან და დროულად მიიღონ გამოწვევების შესაბამისი საჭირო ზომები.

პოლიტიკურ პარტიებს:

  • პოლიტიკურმა ძალებმა სოციალური მედიის პლატფორმები გამოიყენონ გამჭვირვალედ, საზოგადოებასთან მათი ხედვების გაზიარების მიზნით. უარი თქვან პოლარიზაციის გამაღრმავებელი, ოპონენტის შეურაცხმყოფელი კამპანიის წარმოებაზე და თავი შეიკავონ შენიღბული აქტივობებისგან;
  • მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროპაგანდის მეთოდების გამოყენებისგან, საზოგადოებაში ირაციონალური შიშების დანერგვისგან და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისგან;
  • გაცხადებული პროევროპული კურსის მქონე პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, არსებული რესურსი გამოიყენონ ქვეყანაში ანტიდასავლური, დეზინფორმაციის გამავრცელებელი ძალებისა და გზავნილების გამოსააშკარავებლად;
  • ფეისბუქზე პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას, სრულყოფილად დაიცვან დეკლარირების წესები[1].

 

სოციალური მედიის პლატფორმებს (ტექსტური შეტყობინებების გაცვლის პლატფორმებს):

  • საკომუნიკაციო აპლიკაციებმა მეტი წვდომა მისცენ მკვლევარ ორგანიზაციებს, რათა მათ ეფექტურად შეისწავლონ გავრცელებული გზავნილები და ტაქტიკები და გამოამჟღავნონ შეცდომაში შემყვანი, დამაზიანებელი ოპერაციები, იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას მთლიანად მესენჯერის კონფიდენციალურობის პრინციპს;
  • ითანამშრომლონ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან და თვალთახედვაში მიიღონ იმ აქტორთა მოქმედება, რომლებიც ცალსახად ავრცელებენ დეზინფორმაციას და სავარაუდოდ, მიმართავენ აუდიტორიის გაზრდის ხელოვნურ გზებს. აღმოჩენილი საფრთხის შემთხვევაში, შეუწყვიტონ მათ მოქმედების უფლება. განსაკუთრებით, ყურადღება მიაქციონ იმ აქტორებს, რომლებიც უკვე გამოაშკარავებულნი იყვნენ ფეისბუქზე საინფორმაციო მანიპულაციების წარმოებაში;
  • საარჩევნო პერიოდში ჩამოაყალიბონ საქართველოზე კონცენტრირებული სამუშაო ჯგუფი ან მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც განახლებული წესით მიაწოდებენ მათ დამაზიანებელი ჯგუფებისა და საინფორმაციო კამპანიების შესახებ ინფორმაციას. ინფორმაციაზე დაყრდნობით, Მიიღონ ზომები, დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელების შესაფერხებლად.

საარჩევნო ადმინისტრაციას:

არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, არასაარჩევნო პერიოდი გამოიყენოს სოციალური ქსელებით საარჩევნო აგიტაციის ეფექტური რეგულირების პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის[2].

 

 

 [1]ISFED-ის რეკომენდაციები სოციალური მედიის პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამების გავრცელების შესახებ, ISFED, 2021

https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/ISFED-is-rekomendatsiebi-sotsialuri-mediis-platformebis-saarchevno-protsesebshi-gamokenebis-shesakheb

[2] 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში, ISFED, 2021 https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/2021-tslis-munitsipalitetis-organota-archevnebis-monitoringis-saboloo-angarishi 

 

 

 

პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.