ბლოგი

ქართული ფეისბუქი კრემლის „ნიუს-ფრონტის“ სამიზნეებს შორის რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2020 წლის გაზაფხულზე, ფეისბუქზე „News-Front Georgia“-ს მოქმედებაზე ექვსთვიანი დაკვირვების შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ კრემლის პროპაგანდისტული სააგენტოს ქართული განყოფილება პლატფორმაზე წესების მასობრივი დარღვევით ოპერირებდა. აღნიშნულის შემდეგ ფეისბუქმა საკუთარი პლატფორმიდან „ნიუს-ფრონტის“ გვერდები, მათთან დაკავშირებული ანგარიშები და ჯგუფები წაშალა ქართულ და სხვა ენებზე, რომელთაც გამოცემა სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის მთავრობისთვის სასურველი გზავნილების გასავრცელებლად იყენებდა. მოგვიანებით ფეისბუქის პლატფორმაზე აკრძალული „ნიუს-ფრონტი“ ფეისბუქჯგუფებში ახალი არაავთენტური ანგარიშების ქსელის მეშვეობით შეეცადა მისთვის დაწესებული შეზღუდვებისთვის თავის არიდებას. „სამართლიანი არჩევნების“ გამოძიებამ აჩვენა, რომ ყალბი ანგარიშები, „ნიუს-ფრონტის“ კრემლისტურ და ანტიდასავლურ გზავნილებთან ერთად, გამოცემა „Spacesnews • სივრცეების“ მასალებსაც ავრცელებდნენ. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა საქართველოში რუსეთის მთავრობის სასარგებლოდ გზავნილების გავრცელებისთვის კვლავაც გამოიყენება, რომლის მიზანი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების დანაშაულების უარყოფა და უკრაინისა და დასავლური სახელმწიფოების დისკრედიტაციაა. 

სააგენტო „ნიუს-ფრონტი“ დაარსებულია რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის, „როსკომნადზორის“, 2015 წლის 26 ივნისის ბრძანებით. სააგენტოს რეგისტრაციის მისამართი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმშია განთავსებული. მისი ხელმძღვანელი და დამფუძნებელი კონსტანტინ კნირიკია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს ევროკავშირმა, რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ, კნირიკს, სხვა პირებთან ერთად, სანქციები დაუწესა. მარტის დასაწყისში იგი, „ნიუს ფრონტის“ სხვა სამ თანამშრომელთან და სპონსორთან (იური ფედინი, მიხაილ სინელინი, ევგენი გლოტოვი) ერთად, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიაშიც მოხვდა. დეპარტამენტმა განცხადებაში მიუთითა, რომ „ნიუს-ფრონტის“ დირექტორი სტატიებს „ეფესბეს“ დავალებით წერდა და აქვეყნებდა. 

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, „ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებული ანგარიშები ქართულ ფეისბუქჯგუფებში გამოცემის ქართულენოვან მასალას, ძირითადად, რუსეთის მთავრობის, კრემლთან დაახლოებული პირებისა და ქართველი პრორუსული აქტორების (მათ შორის არიან „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი და „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე)  მოსაზრებებზე დაყრდნობით ავრცელებენ. გავრცელებული გზავნილების ნაწილი, აღნიშნული ომის კონტექსტში, საქართველოს შიდა პოლიტიკასაც ეხმიანება. ქვემოთ წარმოდგენილია 24 თებერვლიდან 4 აპრილის ჩათვლით გავრცელებული 10 ძირითადი გზავნილი. 

 


 

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქართულ ღია ფეისბუქჯგუფებში „ნიუს-ფრონტის“ ბმულები 444-ჯერ იქნა გაზიარებული. მათ შორის, „ნიუს-ფრონტთან“ ორგანიზებულად დაკავშირებული ყალბი და ავთენტური ანგარიშები მასალებს ყველაზე ხშირად ავრცელებდნენ ჯგუფებში „ბიძინა ივანიშვილის მეგობრები "ფეისბუქზე"“ და „მოქალაქე“. ამ ორ ჯგუფში გაწევრებულ ფეისბუქმომხმარებელთა ჯამური რაოდენობა 48 407-ს უტოლდება (აღნიშნული რიცხვი არ წარმოადგენს უნიკალური ანგარიშების რაოდენობას, რადგან შესაძლოა, ზოგიერთი ფეისბუქმომხმარებელი ორივე ჯგუფში ერთიანდებოდეს). ჯგუფს „ბიძინა ივანიშვილის მეგობრები "ფეისბუქზე“ კონსტანტინე ჩიკვილაძე მართავს, რომელიც წარსულში გაუქმებული ქართულენოვანი ქსელის მართვაზეც იყო პასუხისმგებელი. 

 

ღია ფეისბუქჯგუფები, რომლებშიც ნიუს-ფრონტის მასალები გაზიარდა (24 თებერვალი - 4 აპრილი, 2022) 

*იმ პოსტების რაოდენობა, რომლებიც შეიცავდა ნიუს-ფრონტის ვებ-გვერდის ბმულს: georgia-news.info 

აღსანიშნავია, რომ „ნიუს-ფრონტის“ ანგარიშები მასალებს დახურულ ჯგუფებშიც ავრცელებენ, რომელთა შესახებ ზუსტი მონაცემები უცნობია. ამგვარ ფეისბუქჯგუფებს შორისაა ჯგუფი „გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!“, რომელსაც 7 011 წევრი ჰყავს. 

„ნიუს-ფრონტის“ მასალები ქართულ ფეისბუქჯგუფებში, ძირითადად, კონსტანტინე ჩიკვილაძისა და ხუთი არაავთენტური ანგარიშის მეშვეობით ვრცელდება (Mako Onoprishvili, Giorgi Solomonashvili, ნიკა მინჯორაია, ნინი გრიგოლაშვილი და Varlam Gorgodze). მათ შორის, ნინი გრიგოლაშვილის სახელით მოქმედი ანგარიშის მიერ გამოყენებული პროფილის სურათით ამჟამად რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ში ლეილა იუსუბოვასა და ნატალია ტერეხინას, რუსულ საძიებო სისტემა RuFinder.pro-ში კი ნადეჟდა ფადეევას სახელით მოქმედი ანგარიშიც იძებნება. ორი ყალბი ანგარიშის სახელი და გვარი კი, რომლებითაც ისინი ოპერირებენ, განსხვავდება მათი „მომხმარებლის სახელისგან“ (Username), რაც იმას ნიშნავს, რომ მათ წარსულში ფეისბუქზე მოქმედება სწორედ ამ სახელით დაიწყეს. კერძოდ, Varlam Gorgodze-ის სახელით მოქმედი ანგარიშის „მომხმარებლის სახელში“ ვაკა გორგილაძის, პროფილ Giorgi Solomonashvili-ის  შემთხვევაში კი ლევან ჭიაურელის სახელი და გვარი ფიგურირებს. 

 

 

 

ნიუს-ფრონტის მასალების გამავრცელებელი ანგარიშები 

აღსანიშნავია, რომ „ნიუს-ფრონტის“ მასალების გამავრცელებელი ყალბი ანგარიშები კვლავაც საეჭვო კავშირში იმყოფებიან ახალი ამბების სააგენტო „Spacesnews • სივრცეებთან“ (spnews.io), რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი, 2021 წლის ივლისიდან, ვალერიან (ვაკა) გორგილაძეა. გარდა იმისა, რომ გორგილაძის სახელი ერთ-ერთი ყალბი ანგარიშის უკანაც იკვეთება, ზემოთ წარმოდგენილი ყველა არაავთენტური ანგარიში ფეისბუქის ჯგუფებში, „ნიუს-ფრონტთან“ ერთად, „სივრცეების“ მასალებსაც ორგანიზებულად ავრცელებს.  

 

როგორც წინამდებარე დოკუმენტი აჩვენებს, „ნიუს-ფრონტის“ ქართულენოვანი მასალა ფეისბუქჯგუფებში კვლავაც პლატფორმის წესების დარღვევით ვრცელდება. ამასთან, გარდა კოორდინირებული არაავთენტური ქცევისა, სახეზეა უცხო ქვეყნის პოლიტიკაში მტრული ჩარევის მცდელობის ნიშნები. რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას სააგენტოს მიერ დეზინფორმაციის ან მანიპულირებული ინფორმაციის გავრცელების გზით წარმოებული პროპაგანდა მიზნად ისახავს, გაამართლოს რუსეთის უკრაინაში შეჭრა, უარყოს ომის დანაშაულები, მოახდინოს დასავლური სახელმწიფოების დისკრედიტაცია და ბზარი შეიტანოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მოქალაქეების ერთგულებაში. ეს მცდელობა კი, იმის მიუხედავად, თუ რამდენად შესწევს მას დასახული მიზნის შესრულება, მნიშვნელოვანია, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისა და მთავრობის მხრიდან შესაბამის ყურადღებას იქცევდეს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი და აშშ კრემლისტური სააგენტოს წარმომადგენლებს სანქციებს უწესებენ. 

პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.