ბლოგი

„ოლქის დელეგატი“ პარლამენტის წევრის ინსტიტუტი საქართველოში: კონსტიტუციასთან შესაბამისობა, საარჩევნო მიზნები და საბიუჯეტო ხარჯები

მოკლე შინაარსი

წინამდებარე დოკუმენტი აანალიზებს 2024 წელს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში შემოღებულ „ოლქის დელეგატის“ ინსტიტუტს, მის შესაბამისობას კონსტიტუციით განსაზღვრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქთან, აგრეთვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ინსტიტუტის გამოყენებას და შემდგომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებას.

ანალიზი აჩვენებს, რომ ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში მოქმედი პროპორციული სისტემის პირობებში „ოლქის დელეგატის“ ინსტიტუტმა შექმნა ტერიტორიული წარმომადგენლობის პარალელური მექანიზმი, რომლის საფუძველზეც კონკრეტულ ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ კანდიდატს დელეგატის სტატუსი ენიჭება. ამგვარი წესი თავისი ლოგიკით პლურალურ/მაჟორიტარულ სისტემას უახლოვდება და აჩენს კითხვებს როგორც კონსტიტუციით განსაზღვრულ საარჩევნო მოდელთან, ისე ინსტიტუტის შექმნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ასევე განხილულია ინსტიტუტის გამოყენება 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში. „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დელეგატობის კანდიდატები წარადგინა და ისინი აქტიურად გამოიყენა ამომრჩევლებთან კომუნიკაციისა და საარჩევნო მხარდაჭერის მობილიზებისთვის. დელეგატობის კანდიდატების მიერ მაჟორიტარ დეპუტატებთან ფუნქციური და პოლიტიკური მსგავსების შექმნამ შესაძლოა, ამომრჩეველთა ქცევაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის დელეგატებისთვის შეიქმნა ბიუროები, რომელთა საქმიანობაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. წინამდებარე ანალიზი აღწერს ამ ბიუროების ფუნქციებსა და ხარჯებს და მიუთითებს, რომ მათი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი - ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზება, მოქალაქეთა საკითხების შესწავლა, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და დელეგატის პოლიტიკური საქმიანობის მხარდაჭერა - შინაარსობრივად უახლოვდება პოლიტიკური პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციულ საქმიანობას. 2025-2026 წლებში ამ ბიუროებისთვის საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან დაახლოებით 13.6 მილიონი ლარი გამოიყო. ჩნდება კითხვა, რამდენად ემსახურება აღნიშნული ინსტიტუტი საპარლამენტო წარმომადგენლობის მიზნებს და ხომ არ გამოიყენება სახელმწიფო საკანონმდებლო, და ფინანსური რესურსები მმართველი პარტიის საარჩევნო და ორგანიზაციული ინტერესების უზრუნველსაყოფად.

 

 

შესავალი

საქართველოში უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დასაკომპლექტებლად შერეული საარჩევნო სისტემის გამოყენების 30 წლიანი ტრადიციის შემდეგ, 2024 წლიდან, სრულად პროპორციული სისტემა ამოქმედდა. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, პარლამენტი ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული 150 წევრისგან შედგება. ამასთან ერთად, საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს პარლამენტის დაკომპლექტებას დახურული პარტიული სიების საფუძველზე. ამ მოდელის პირობებში ამომრჩევლები ხმას მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას აძლევენ, რომელსაც წინასწარ აქვს განსაზღვრული კანდიდატების რიგითობა ეროვნულ პარტიულ სიაში, ხოლო მანდატები პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის მათ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღებული ხმების შესაბამისად ნაწილდება. ამდენად, ცალკეული ტერიტორია აღარ განსაზღვრავს საპარლამენტო ადგილის მიკუთვნებას ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტისათვის.

ამ კონტექსტში, საყურადღებოა, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლამდე რამდენიმე თვით ადრე, 2024 წლის მაისში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შემოღებულ იქნა ე.წ. „ოლქის დელეგატის“ ინსტიტუტი. ორგანულმა კანონმა არჩევნებში რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს მისცა შესაძლებლობა, პარტიულ სიაში შეყვანილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი 30 წინასწარ განსაზღვრული ოლქიდან რომელიმე ერთეულის დელეგატობის კანდიდატად დაესახელებინა. არჩევნების შემდეგ ამ კანდიდატს დელეგატის სტატუსი მიენიჭებოდა, თუ მისი პარტია შესაბამის ტერიტორიაზე ყველაზე მეტ ხმას მიიღებდა. ეს წესი არ ცვლიდა 150 საპარლამენტო მანდატის განაწილების ფორმულას, თუმცა, დელეგატის ინსტიტუტმა ერთიანი მრავალმანდატიანი ოლქის ფარგლებში განსაზღვრა ცალკეულ ტერიტორიულ ერთეულში გამარჯვებულის სტატუსი და მასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი და ადმინისტრაციული რესურსები. ამან პრაქტიკაში კვლავ გააჩინა კანდიდატისა და კონკრეტული ტერიტორიის დაკავშირების შესაძლებლობა - ელემენტი, რომელიც მანამდე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტს ახასიათებდა.

წინამდებარე ანალიზი აფასებს „ოლქის დელეგატის“ ინსტიტუტს სამი ურთიერთდაკავშირებული მიმართულებით: პირველ რიგში, რამდენად შეესაბამება იგი კონსტიტუციით დადგენილი პროპორციული საარჩევნო სისტემისა და ერთიანი მრავალმანდატიანი ოლქის ლოგიკას; მეორე, როგორ იქნა გამოყენებული ე.წ. დელეგატობის კანდიდატების ნომინირება 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში; და მესამე, რა ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსები გამოიყოფა ამ ინსტიტუტისათვის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

„ოლქის დელეგატებისთვის“ განსაზღვრული ტერიტორიული ერთეულები

პროპორციული საარჩევნო სისტემისა და ერთიანი მრავალმანდატიანი ოლქის მოქმედების მიუხედავად, 2024 წლის მაისში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილ პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის კონკრეტული ოლქის ამომრჩეველთა დელეგატობის კანდიდატადაც განსაზღვრის შესაძლებლობა მიეცათ. ამ მიზნით საარჩევნო კოდექსის დანართით განისაზღვრა 30 ოლქი, რომლის საზღვრებიც თითქმის ზუსტად დაემთხვა პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებამდე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, არსებული 30 ერთმანდატიანი (მაჟორიტარული) ოლქის საზღვრებს. მათ შორის, რვა ოლქი თბილისში მდებარეობს, ხოლო 22 საქართველოს რეგიონებში. მე-11 (ქალაქ რუსთავის), მე-19 (ქალაქ ქუთაისის), 23-ე (ზუგდიდის) და 28-ე (ქობულეთის) ოლქების საზღვრები შესაბამისი მუნიციპალიტეტების საზღვრებს ემთხვევა, ხოლო სხვა ოლქები ორიდან ხუთ მუნიციპალიტეტამდე ტერიტორიას მოიცავს.

„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში გაწერილი წესის თანახმად, არჩევნების შემდეგ დელეგატობის კანდიდატად წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრი შესაბამისი ოლქის დელეგატად მიიჩნევა, თუ პარტიამ, რომელმაც იგი დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრა, აღნიშნული ოლქის ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

 

ოლქის დელეგატის ინსტიტუტის შესაძლო წინააღმდეგობა კონსტიტუციით განსაზღვრულ პრინციპებთან

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან“. ამდენად, კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებისათვის მთელი ქვეყანა წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს და პარლამენტის თითოეული წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ეროვნულ დონეზე. ამგვარი კონსტიტუციური განსაზღვრების პირობებში, ორგანული კანონის მიერ პარალელურად სხვა სახის ოლქის საზღვრების დადგენა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსს კონკრეტულ ტერიტორიაზე კენჭისყრის შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლოა, წარმოშობდეს წინააღმდეგობას კონსტიტუციით განსაზღვრულ შესაბამის პრინციპებთან. ამასთან ერთად, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსით გაწერილი წესი ითვალისწინებს დელეგატის სტატუსის მინიჭებას მხოლოდ ერთი - ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ პარტიულ სიაში ამ ოლქის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრული - პირისთვის, რაც იმეორებს ერთმანდატიანი ოლქის პრინციპს, რომელიც შეუთავსებელია პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან.

საარჩევნო სისტემების ოქსფორდის სახელმძღვანელოს მიხედვით, პროპორციული სისტემის პლურალური (ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული) სისტემისგან გამიჯვნისას მნიშვნელოვანია როგორც მანდატების განაწილების ფორმულა, ისე საარჩევნო ოლქის სიდიდე - ოლქში გასანაწილებელი მანდატების რიცხვი. პროპორციული სისტემების უმეტესობაში მანდატები პარტიულ სიებზე ნაწილდება. ასეთ შემთხვევაში, პროპორციული წარმომადგენლობის ძირითადი ლოგიკა გულისხმობს პარტიების მიერ მიღებულ ხმებსა და მათ მიერ მოპოვებულ მანდატებს შორის შესაბამისობის უზრუნველყოფას. ამისგან განსხვავებით, პლურალობას საარჩევნო სისტემების მკვლევრები განსაზღვრავენ როგორც ხმების „ყველაზე დიდი წილის“ მიღებას, რომელიც აუცილებელი არ არის, აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდეს. ასეთ სისტემაში გამარჯვებულია კანდიდატი, რომელმაც კონკრეტულ ოლქში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. შესაბამისად, პლურალური/მაჟორიტარული სისტემის პირობებში, ჩვეულებრივ, ოლქი ერთმანდატიანია, ხოლო პროპორციული სისტემის პირობებში - ყოველთვის მრავალმანდატიანი. საარჩევნო სისტემის დიზაინის შესახებ International IDEA-ს ახალი სახელმძღვანელოს მიხედვით, ყველა სახის პროპორციული სისტემა მოითხოვს ისეთ საარჩევნო ოლქებს, რომლებშიც ერთზე მეტი წევრი აირჩევა, რადგან შეუძლებელია ერთჯერადად ასარჩევი ერთი მანდატის პროპორციულად განაწილება.

ამდენად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შემუშავებული ოლქის დელეგატის სტატუსის მინიჭებისას გამოიყენებოდა პლურალური (ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული) პრინციპისთვის დამახასიათებელი წესი: კონკრეტულ ტერიტორიაზე დელეგატად მიიჩნეოდა იმ პარტიის მიერ პარტიულ სიაში წარდგენილი კანდიდატი, რომელმაც შესაბამის ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ამგვარად, ერთიან მრავალმანდატიან ოლქში მოქმედებდა ორი განსხვავებული ლოგიკა: პარლამენტის მანდატების განაწილება ხდებოდა პროპორციული პრინციპით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო დელეგატის სტატუსის განსაზღვრა - კონკრეტულ ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ხმის მიმღები პარტიის მიხედვით. ეს უკანასკნელი კი იმ პრინციპს ეფუძნებოდა, რომელიც არ შეესაბამება პროპორციული წარმომადგენლობის მახასიათებლებს და წარმოადგენს პლურალური/მაჟორიტარული სისტემების თვისებას.

ამავდროულად, „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნული ცვლილება, რომელიც მმართველი პარტიის ინტერესებით იყო ნაკარნახევი, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას იწვევდა და მოქმედი, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, არ შეიცავდა ამომრჩეველსა და კანდიდატს შორის კავშირის ინსტიტუციურ საფუძველს, როგორც ხმის მიცემის, ისე მანდატების განაწილების პროცესში. გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები კონსტიტუციის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა, მას არ გააჩნდა საერთაშორისო ანალოგი და მსგავსი ინსტიტუტი, რამდენადაც ცნობილია, ამ დრომდე მხოლოდ საქართველოში მოქმედებს.

 

„ოლქის დელეგატის“ სტატუსის შემოღების პარტიული საფუძველი და მისი გამოყენება 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელება ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებსაც. კერძოდ, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის თანახმად, მიუღებელია საარჩევნო სისტემის ხშირი ან უშუალოდ არჩევნების წინ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შეცვლა. ასეთი ცვლილებები კერძო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ ხდება მანიპულირების განზრახვით.

სავარაუდოდ, ამ გზით „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, შეენარჩუნებინა შერეული საარჩევნო სისტემისათვის დამახასიათებელი კონტამინაციის ეფექტი მის სასარგებლოდ. აღნიშნული ფსიქოლოგიური ეფექტი წარმოიქმნება შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში გამყოფი კენჭისყრისას, როდესაც ამომრჩეველს ორი ხმა აქვს - ერთი პროპორციულ კომპონენტში, ხოლო მეორე - მაჟორიტარულში. ასეთ შემთხვევაში ამომრჩევლის არჩევანზე რომელიმე პარტიის სასარგებლოდ გავლენას ახდენს კანდიდატის შეფასება და პირიქით - კანდიდატს შეუძლია დამატებითი ხმების მობილიზება პარტიისთვისაც.

მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის სტრუქტურა უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში არა გამყოფი, არამედ კატეგორიული იყო და ამომრჩეველი ხმას მხოლოდ მისთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიას აძლევდა, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. „დელეგატობის კანდიდატები“ ინტენსიური საარჩევნო კამპანიიისთვის გამოიყენა და ისინი ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატების ერთგვარ მემკვიდრეებად წარმოუდგინა. აღსანიშნავია, რომ ოლქის დელეგატობის კანდიდატის ინსტიტუტით უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ისარგებლა. არცერთ ოპოზიციურ გაერთიანებას დელეგატობის კანდიდატები არ დაუსახელებია. ამ პირობებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა „ქართული ოცნების“ ელექტორალური მიზნებისთვის ამ ინსტიტუტის მოქმედების შესაძლებლობები.

სურათი „ქართული ოცნების“ საჯარო პრეზენტაციიდან

უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. „დელეგატობის კანდიდატები“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც კამპანია მნიშვნელოვნად პერსონალიზებული იყო. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტიის მიერ ნომინირებულმა „დელეგატობის კანდიდატებმა“ 50 დღის განმავლობაში 5,048 შეხვედრა გამართეს, თითოეულმა - საშუალოდ 170 შეხვედრა.

რთულია, ზუსტად განისაზღვროს, რა კონკრეტული სარგებელი მიიღო მმართველმა პარტიამ ოლქის დელეგატის ინსტიტუტის შემოღებითა და მისით უალტერნატივო სარგებლობით, თუმცა ამ ინსტიტუტის შესაძლო გავლენაზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის ზრდაზე შეიძლება მიუთითებდეს დელეგატობის კანდიდატებად დასახელებული მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატების კუთვნილ ოლქებში მმართველი პარტიის უკეთესი საარჩევნო შედეგი. კერძოდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, იმ ოლქებში, სადაც 2020 წელს არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები 2024 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატებად იყვნენ დასახელებული, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 60% მიიღო, ხოლო სხვა ოლქებში - მხოლოდ 50%.

 

„ოლქის დელეგატების“ ბიუროების შექმნა და მათი პარლამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

2024 წლის 12 დეკემბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც ოლქის დელეგატის ბიუროს ინსტიტუტიც შემოიღო. ადგილზე ამ ინსტიტუტის შექმნის მიზნად პარლამენტის წევრის მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზება, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაცია და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა დასახელდა. ასევე, დადგინდა, რომ ოლქის დელეგატის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.

ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრა 2025 წლის 13 დეკემბერს მიღებული დებულებით, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა. ამ დებულებით ბიუროს ფუნქციებად გაიწერა დელეგატის ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზება და  ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში დელეგატის მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი, ისევე, როგორც თავად ამ ინსტიტუტის არსებობა, შესაძლოა, წარმოშობდეს შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციით გაწერილ ნორმებთან. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით და სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, კანონმდებლობის დაცვით თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან. კონსტიტუციის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

„ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის, აგრეთვე დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დებულებით ასევე  განისაზღვრა, რომ ბიურო:

  • ორგანიზებას უწევს მოქალაქეთა მიღებას, განიხილავს მოქალაქეთა წერილებში, საჩივრებსა და განცხადებებში დასმულ საკითხებს, დელეგატისათვის ამზადებს სათანადო დასკვნებსა და წინადადებებს;
  • რეგისტრაციაში ატარებს, აღრიცხავს, შეისწავლის და რეაგირებას ახდენს დელეგატის სახელზე შემოსულ წერილებზე, საჩივრებსა და განცხადებებზე;
  • აწყობს ამომრჩევლებთან დელეგატის შეხვედრებს;
  • ხელს უწყობს დელეგატს პოლიტიკურ გაერთიანებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობისას;
  • ახორციელებს დელეგატის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას;
  • შედის პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით; თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან, პარლამენტის კომიტეტებთან, ფრაქციებთან და დროებით კომისიებთან, აგრეთვე სამინისტროებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
  • ასრულებს ბიუროს საქმიანობისათვის საჭირო სხვა ფუნქციებს.

ოლქის დელეგატის ბიუროების დაფინანსება შედგება ერთჯერადი მატერიალურ-ტექნიკური დაფინანსებისა და ყოველთვიური დაფინანსებისგან. თითოეულ ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ერთჯერადად 5,000 ლარი გამოეყოფა, ხოლო წინა მოწვევის ბიუროს ინვენტარის გადაცემის შემთხვევაში, მის განახლებაზე დამატებით - 3,000 ლარი. ბიუროს ყოველთვიური დაფინანსება განისაზღვრება ოლქის კოეფიციენტის მიხედვით: თბილისისა და ერთი ან ორი მუნიციპალიტეტისგან შემდგარი ოლქებისთვის კოეფიციენტი შეადგენს 2.5-ს, სამი მუნიციპალიტეტისთვის - 3-ს, ხოლო ოთხი-ხუთი მუნიციპალიტეტისგან შემდგარი ოლქისთვის - 4-ს. 2025 წელს ყოველთვიური დაფინანსება შედგებოდა თითოეული კოეფიციენტის 6000-ზე ნამრავლის შესაბამისი ოდენობის თანხისგან. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით კი, ოლქის დელეგატის ბიუროს დაფინანსება გაიზარდა. კერძოდ, ბიუროს ყოველთვიური დაფინანსების ოდენობის გამოთვლისას ერთი კოეფიციენტის შესაბამის თანხად, 6,000 ლარის ნაცვლად, 6,600 ლარი განისაზღვრა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, ბიუროების ჯამური წლიური დაფინანსების განსაზღვრული ოდენობა 2026 წელს 651,600 ლარით გაიზარდა და 7,167,600 ლარი შეადგინა.

 

ოლქის დელეგატების ბიუროების დაფინანსება 2026 წლის მდგომარეობით

 

ოლქი

შემავალი ტერიტორია

ოლქის დელეგატი

 წლიური დაფინანსებაა

№1

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები

დავით კაჭარავა

198,000 ₾

№2

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონი

ზურაბ რურუა

198,000 ₾

№3

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონი

აკაკი ალადაშვილი

198,000 ₾

№4

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონი

ნიკა ელისაშვილი

198,000 ₾

№5

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონი

ვარლამ ლიპარტელიანი

198,000 ₾

№6

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის

და ჩუღურეთის რაიონები

გიორგი ვოლსკი

198,000 ₾

№7

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონი

ვლადიმერ ბოჟაძე

198,000 ₾

№8

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონი

ირაკლი ხელაძე

198,000 ₾

№9

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები

ირაკლი ქადაგიშვილი

316,800 ₾

№10

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა

და სიღნაღის მუნიციპალიტეტები

გია ბენაშვილი

316,800 ₾

№11

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ირაკლი შატაკიშვილი

198,000 ₾

№12

მარნეულისა და გარდაბნის

მუნიციპალიტეტები

ზაურ დარგალი

198,000 ₾

№13

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და

წალკის მუნიციპალიტეტები

დავით შერაზადიშვილი

316,800 ₾

№14

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები

დიმიტრი ხუნდაძე

316,800 ₾

№15

კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

198,000 ₾

№16

ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები

ზაალ დუგლაძე

198,000 ₾

№17

ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა

და ასპინძის მუნიციპალიტეტები

ანტონ ობოლაშვილი

316,800 ₾

№18

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები

სამველ მანუკიანი

198,000 ₾

№19

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ზაზა ლომინაძე

198,000 ₾

№20

საჩხერის, ჭიათურისა და

ხარაგაულის მუნიციპალიტეტები

პაატა კვიჟინაძე

237,600 ₾

№21

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა

და ბაღდათის მუნიციპალიტეტები

ზვიად შალამბერიძე

316,800 ₾

№22

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები

გივი ჭიჭინაძე

316,800 ₾

№23

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ედიშერ თოლორაიაბ

198,000 ₾

№24

ქ. ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები

გიორგი ხახუბია

237,600 ₾

№25

წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა

და აბაშის მუნიციპალიტეტები

ილია ინჯია

316,800 ₾

№26

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები

ვასილ ჩიგოგიძე

237,600 ₾

№27

ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები

არჩილ ბერიძე

198,000 ₾

№28

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

გიორგი ჭყონია

198,000 ₾

№29

ქედის, შუახევისა

და ხულოს მუნიციპალიტეტები

ანზორ ბოლქვაძე

237,600 ₾

№30

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა

და მესტიის მუნიციპალიტეტები

გოჩა ენუქიძე

316,800 ₾

  სულ      

7,167,600 ₾

შენიშვნა: ა) დაფინანსება მოიცავს მხოლოდ ოლქის დელეგატის ბიუროებისთვის ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის ოდენობას და მასში არ შედის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხები; ბ) 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის დელეგატად „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული წევრი, დათო კოდუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერად იქნა არჩეული, რის შემდეგაც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. იმავე წლის დეკემბერში, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრად ედიშერ თოლორაია დაასახელა, რაც პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 226-ე მუხლის მე-4 პუნქტი დასახელდა, რომლის მიხედვითაც, თუ ოლქის დელეგატს ვადამდე შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, მის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრს ოლქის დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ფრაქცია თავის წევრთაგან ასახელებს.

საქართველოს პარლამენტი რეგლამენტის მოქმედი რედაქციის თანახმად, ოლქის დელეგატი ვალდებულია, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წელიწადში ერთხელ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მიაწოდოს ინფორმაცია ოლქის დელეგატის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წელს ამგვარი ინფორმაცია 29 ოლქის დელეგატმა წარადგინა, რომელთათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 6,411,769 ლარი, საიდანაც 5,517,822 ლარი იქნა გახარჯული.

2025 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან „ოლქის დელეგატის ბიუროებისთვის“ გამოყოფილი და გახარჯული თანხების ოდენობა

 

ოლქის დელეგატი

ბიუჯეტიდან

გამოყოფილი თანხა

ბიუჯეტიდან

გახარჯული თანხა

დარჩენილი თანხა (ნაშთი)

დავით კაჭარავა

185,000 ₾

177,449 ₾

7,551 ₾

ზურაბ რურუა

188,000 ₾

181,935 ₾

6,065 ₾

აკაკი ალადაშვილი

185,000 ₾

162,649 ₾

22,351 ₾

ნიკა ელისაშვილი

185,000 ₾

151,108 ₾

33,892 ₾

ვარლამ ლიპარტელიანი

188,000 ₾

174,553 ₾

13,447 ₾

გიორგი ვოლსკი

188,000 ₾

184,789 ₾

3,211 ₾

ვლადიმერ ბოჟაძე

188,000 ₾

166,211 ₾

21,789 ₾

ირაკლი ხელაძე

180,000 ₾

168,082 ₾

11,918 ₾

ირაკლი ქადაგიშვილი

288,000 ₾

268,204 ₾

19,796 ₾

გია ბენაშვილი

288,000 ₾

267,733 ₾

20,267 ₾

ირაკლი შატაკიშვილი

157,121 ₾

148,332 ₾

8,789 ₾

ზაურ დარგალი

180,000 ₾

159,711 ₾

20,289 ₾

დავით შერაზადიშვილი

296,949 ₾

276,389 ₾

20,560 ₾

დიმიტრი ხუნდაძე

288,000 ₾

162,196 ₾

125,804 ₾

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

185,000 ₾

162,039 ₾

22,961 ₾

ზაალ დუგლაძე

165,000 ₾

155,269 ₾

9,731 ₾

ანტონ ობოლაშვილი

288,000 ₾

248,175 ₾

39,825 ₾

სამველ მანუკიანი

180,000 ₾

130,758 ₾

49,242 ₾

ზაზა ლომინაძე

180,000 ₾

164,347 ₾

15,653 ₾

პაატა კვიჟინაძე

221,000 ₾

195,873 ₾

25,127 ₾

ზვიად შალამბერიძე

292,951 ₾

174,383 ₾

118,568 ₾

გივი ჭიჭინაძე

288,000 ₾

272,533 ₾

15,467 ₾

გიორგი ხახუბია

221,000 ₾

169,257 ₾

51,743 ₾

ილია ინჯია

280,159 ₾

241,347 ₾

38,811 ₾

ვასილ ჩიგოგიძე

230,000 ₾

163,199 ₾

66,801 ₾

არჩილ ბერიძე

191,000 ₾

173,251 ₾

17,749 ₾

გიორგი ჭყონია

188,000 ₾

178,096 ₾

9,904 ₾

ანზორ ბოლქვაძე

221,367 ₾

193,391 ₾

27,976 ₾

გოჩა ენუქიძე

295,222 ₾

246,563 ₾

48,659 ₾

სულ

6,411,769 ₾

5,517,822 ₾

893,947 ₾

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილი დებულებით, პარლამენტის ბიუჯეტიდან ოლქის დელეგატის ბიუროსთვის გამოყოფილი თანხა ითვალისწინებს საკომუნიკაციო საშუალებების, საწვავის, სატრანსპორტო საშუალებების ქირავნობის, ბიუროს საოფისე ფართობის მიმდინარე არაკაპიტალური სარემონტო სამუშაოებისა და ბიუროს ფუნქციონირებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯების დაფარვას. ასევე, დებულება ითვალისწინებს სადღესასწაულო დღეებში ან ამომრჩევლებთან შეხვედრის ფარგლებში ამომრჩევლებისათვის წარმომადგენლობითი ხარჯისა და „ბიუროს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ხარჯების“ გაწევას.

აღსანიშნავია, რომ ოლქის დელეგატის ბიუროს უშუალო დაფინანსების გარდა, საქართველოს პარლამენტის აპარატი დამატებით უზრუნველყოფს ბიუროს მოსაწყობი საოფისე ფართობის დასაქირავებელი თანხისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლებისათვის ხელფასების ანაზღაურებასაც.

ოლქის დელეგატის ბიუროს განსაზღვრული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი შინაარსობრივად ემთხვევა პოლიტიკური პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციულ და საარჩევნო საქმიანობას. მოქალაქეთა და ამომრჩეველთა მიღება და მათთან შეხვედრების ორგანიზება, მათი მოთხოვნებისა და პრობლემების შესწავლა, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და დელეგატის პოლიტიკური საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა წარმოადგენს იმ ფუნქციებს, რომლებიც პარტიების ამომრჩევლებთან კომუნიკაციასა და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას ემსახურება. შესაბამისად, ბიუროსთვის განსაზღვრული ფუნქციებისა და მისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გათვალისწინებით, დამატებით საფუძვლიანი ვარაუდი ჩნდება, რომ საპარლამენტო წარმომადგენლობის ფორმატით ხდება იმ საქმიანობის სახელმწიფო რესურსებით უზრუნველყოფა, რომელიც შინაარსობრივად ემსახურება პარტიულ მიზნებსა და ამოცანებს.

 

ტერიტორიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ალტერნატიული შესაძლებლობა პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ გამორიცხავს პარლამენტის წევრებსა და კონკრეტულ ტერიტორიებს შორის წარმომადგენლობითი კავშირის შენარჩუნების საჭიროებას. პირიქით, განსაკუთრებით დიდი გეოგრაფიული მოცვის მქონე ერთიანი საარჩევნო ოლქის პირობებში, ამომრჩევლებს შეიძლება ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათი ინტერესები პარლამენტში არა მხოლოდ პარტიული წარმომადგენლობის, არამედ კონკრეტულ ტერიტორიასთან დაკავშირებული მექანიზმების მეშვეობითაც იქნება წარმოდგენილი. ამასთან, ასეთი კავშირის უზრუნველყოფა არ მოითხოვს პროპორციული სისტემის ფარგლებში მაჟორიტარული პრინციპის მქონე პარალელური ინსტიტუტის შექმნას და შესაძლებელია ისეთი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ტერიტორიულ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს ისე, რომ იგი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ან ორგანიზაციულ ინტერესებთან არ იყოს დაკავშირებული.

ერთ-ერთ შესაძლო მიდგომას წარმოადგენს პროპორციული სისტემის ფარგლებში ისეთი საარჩევნო ოლქების გამოყენება, რომლებშიც რამდენიმე მანდატი ნაწილდება. საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკაში ოლქის ზომა სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც გავლენას ახდენს წარმომადგენელსა და ამომრჩეველს შორის კავშირის სიმტკიცეზე. ამ თვალსაზრისით, შედარებით მცირე მრავალმანდატიანი ოლქები შეიძლება ერთდროულად უზრუნველყოფდეს როგორც პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვას, ისე ამომრჩეველსა და არჩეულ წარმომადგენლებს შორის უფრო მკაფიო ტერიტორიული კავშირის შენარჩუნებას.

შესაბამისად, ტერიტორიული წარმომადგენლობის საჭიროება თავისთავად ვერ იქნება „ოლქის დელეგატის“ ინსტიტუტის არსებობის საკმარისი საფუძველი. საკითხი უფრო მეტად ეხება იმას, თუ რა ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ასეთი წარმომადგენლობა: ისეთი მექანიზმით, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის ლოგიკას შეესაბამება და თანაბრად ხელმისაწვდომია პოლიტიკური ძალებისთვის, თუ ინსტიტუტით, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე გამარჯვებულ პარტიას ანიჭებს განსაკუთრებულ სტატუსს და რომლის გამოყენებაც 2024 წლის არჩევნებში მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო.

 

დასკვნა

„ოლქის დელეგატის“ ინსტიტუტის შექმნა, მისი გამოყენება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და შემდგომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დელეგატების ბიუროების დაფინანსება ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესია, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო და ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას . ამ სქემის განხორციელებამ სამივე ეტაპზე ხელი შეუწყო მმართველი ძალის საარჩევნო და პარტიული მიზნების უზრუნველყოფას.

პირველ ეტაპზე, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, შეიქმნა 30 ტერიტორიული ოლქის დელეგატის ინსტიტუტი, რომელთა სამოქმედო ტერიტორიად ძირითადად განისაზღვრა წინა არჩევნებში არსებული ერთმანდატიანი ოლქების საზღვრები, რომლებსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები წარმოადგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ერთიან მრავალმანდატიან ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემით ირჩევა, „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, პარალელურად კონკრეტულ ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიის მიერ საკუთარ პარტიულ სიაში „დელეგატობის კანდიდატად“ განსაზღვრულ პირს „ოლქის დელეგატის“ სტატუსი ენიჭება. ამგვარად, პროპორციულ სისტემაში შეიქმნა ტერიტორიული წარმომადგენლობის პარალელური მექანიზმი, რომელიც თავისი ლოგიკით პლურალურ/მაჟორიტარულ სისტემას უახლოვდება და კონსტიტუციით განსაზღვრულ საარჩევნო მოდელთან შეუსაბამობის კითხვას აჩენს.

მეორე ეტაპზე, განხილული ინსტიტუტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა და „დელეგატობის კანდიდატები“ აქტიურად ჩართო წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ პროცესმა გააჩინა შესაძლებლობა, რომ „დელეგატობის კანდიდატები“ გაიგივებული ყოფილიყვნენ მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები 30 წლის განმავლობაში ირჩევდნენ. ინსტიტუტის ერთპარტიულმა გამოყენებამ კიდევ უფრო გააძლიერა „ქართული ოცნების“ ხმების მობილიზებისთვის მისი ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობები.

მესამე ეტაპზე, არჩევნების შემდეგ, დელეგატებს სახელმწიფო რესურსით დაფინანსებული ბიუროები შეექმნათ. ბიუროების ფუნქციებად განისაზღვრა ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზება, მათი მოთხოვნებისა და პრობლემების შესწავლა, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და დელეგატის პოლიტიკური საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, რისთვისაც 2025-2026 წლებში პარლამენტის ბიუჯეტიდან დაახლოებით 13.6 მილიონი ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ განსაზღვრული ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი შინაარსობრივად ემთხვევა პოლიტიკური პარტიის ადგილობრივ საქმიანობის ამოცანებს. შესაბამისად, განსაკუთრებით პრობლემურია მათი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება იმ პირობებში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ ინსტიტუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობა და „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილი ეს მექანიზმი მხოლოდ თავად ამ პარტიის მიერ იქნა გამოყენებული.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსური, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური რესურსები უნდა ემსახურებოდეს საჯარო მიზნებს და არ უნდა ქმნიდეს რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის საარჩევნო ან ორგანიზაციულ უპირატესობას. სწორედ ამიტომ, პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო რესურსის გამოყენება ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც თავისი შინაარსით პარტიულ პოლიტიკურ კომუნიკაციასა და ორგანიზაციულ საქმიანობას უახლოვდება და ემსახურება ამომრჩეველთა ხმების მობილიზებას მმართველი პარტიისათვის.

აღსანიშნავია, რომ „ოლქის დელეგატის ბიუროების“ ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის ფუნქცია აჩენს კიდევ ერთ კითხვას ამ ინსტიტუტის კონსტიტუციურობასთან  დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს მიეკუთვნება და სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებები გამიჯნულია. ამდენად, ბუნდოვანია, რა ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის წევრმა ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში და რა საკითხებს მოიაზრებს მისი ფუნქციების მარეგულირებელი დებულება.