ბლოგი

პოლიტიკური რეკლამები Facebook-სა და Instagram-ზე 2021 წლის არჩევნების პერიოდში

შესავალი

საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა ინფორმირების ერთ-ერთ მთავარ საშუალებას პოლიტიკური რეკლამა წარმოადგენს, რაც საარჩევნო სუბიექტების შესახებ ამომრჩეველთა განწყობების ჩამოსაყალიბებლად გამოიყენება. სოციალური მედიის პლატფორმებზე განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამებს არჩევნებზე გავლენა აქვთ, რასაც მოწმობს გიგანტური ტექნოლოგიური კომპანიების მიერ ამ შინაარსის რეკლამების აკრძალვა ან გამჭვირვალობის სპეციალური სტანდარტების დაწესება დემოკრატიულ პროცესებზე ნეგატიური გავლენის შესამცირებლად. 

2020 წლის აგვისტოდან საქართველოში პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა ამოქმედდა, რომელიც პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს უყრის თავს და მათ შესახებ ინფორმაციას 7 წლის განმავლობაში ინახავს. ფეისბუქის მიერ დანერგილი ეს ინსტრუმენტი მნიშვნელოვანი წყაროა პოლიტიკური და საარჩევნო შინაარსის რეკლამების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ფეისბუქზე რეკლამების განთავსების და ხარჯების გამჭვირვალობის მიზნით, 2021 წლის არჩევნებისთვის „სამართლიანმა არჩევნებმა“ სხვადასხვა ჩართული მხარეებისთვის რეკომენდაციები გამოსცა. ერთ-ერთი რეკომენდაცია მიემართებოდა პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს, რომელიც გულისხმობდა რეკლამების გამოქვეყნებისას ფეისბუქის მიერ დადგენილი გამჭვირვალობის სტანდარტის დაცვას და ხარჯის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დეკლარირების ვალდებულების შესრულებას. 2021 წელს პოლიტიკური პარტიების ნაწილის მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაციები შეიცავს ინფორმაციას ფეისბუქის რეკლამების ხარჯების შესახებ, თუმცა ინდივიდუალური რეკლამები დეტალიზებული არ არის, როგორც ეს, მაგალითად, ბილბორდებზე გარე რეკლამების განთავსების შემთხვევაშია.  

წინამდებარე დოკუმენტში განხილულია 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით ფეისბუქსა და ინსტაგრამზე საარჩევნო სუბიექტების მიერ  განთავსებული პოლიტიკური/საარჩევნო რეკლამების ხარჯები,  მნახველთა აუდიტორიის დემოგრაფიული მონაცემები და გავრცელების მასშტაბები. გარდა ამისა, წარმოდგენილია ინფორმაცია არაოფიციალურად, მათ შორის ანონიმური წყაროების მიერ, დასპონსორებული რეკლამებისა და მათი ხარჯების შესახებ, რომლებიც, ძირითადად, ოპონენტების დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული. დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას ფეისბუქსა და ინსტაგრამზე დაუდეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამების განთავსების შესახებაც.

დეკლარირებული რეკლამების შესახებ მონაცემები - მათი რაოდენობის, დახარჯული თანხების დიაპაზონისა და დემოგრაფიული განაწილების შესახებ შეგროვებული და გაანალიზებულია ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემების მიხედვით. დაუდეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამები პლატფორმებზე აქტიურობის პერიოდში აღრიცხულია „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორების მიერ.

 

1. დასპონსორებული ოფიციალური საარჩევნო კამპანია ფეისბუქსა და ინსტაგრამზე

1.1 პოლიტიკური პარტიების რეკლამების ოდენობა და ხარჯები

ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 9 აგვისტოდან 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების/კანდიდატების  მიერ 8 126 პოლიტიკური რეკლამა განთავსდა,  რაზეც არანაკლებ 524 602 და არაუმეტეს 536 086 აშშ დოლარი დაიხარჯა. ბიბლიოთეკაში მოხვედრილი რეკლამების მიხედვით, ფეისბუქის წესებისა და სტანდარტების შესაბამისად 8,010 რეკლამა დეკლარირებული იყო, ხოლო 114 - დაუდეკლარირებელი, რაც ბიბლიოთეკაში აღრიცხული რეკლამების  მხოლოდ 1%-ია. 

ამასთან, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2 აგვისტოდან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საარჩევნო სუბიექტების გვერდებზე გამოქვეყნებული 325 დაუდეკლარირებელი რეკლამა აღმოაჩინა, რომელთაგან ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკაში, პლატფორმის მიერ პოლიტიკურ რეკლამად მონიშვნისა და მოქმედების შეჩერების გამო, მხოლოდ 34 რეკლამა იძებნება. „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორების მიერ ოფიციალურ გვერდებზე იდენტიფიცირებული 291 დაუდეკლარირებელი რეკლამა, რომლებიც  პოლიტიკური ან/და საარჩევნო შინაარსის იყო, დასპონსორების ვადის გასვლის შემდეგ რეკლამების ბიბლიოთეკიდან ისე გაქრა, რომ მათზე დახარჯული თანხის ოდენობა უცნობია. 

ქვედა ცხრილში წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიების სხვადასხვა ოფიციალურ გვერდზე განთავსებული რეკლამების რაოდენობის ჯამი და ამ რეკლამებზე დახარჯული თანხების ზედა და ქვედა ზღვარი1. 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტიდანაც გამოითხოვა. აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, არჩევნებში მონაწილე 43 პოლიტიკური პარტიიდან, ფეისბუქზე რეკლამის დანახარჯების შესახებ ინფორმაცია 16 საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა წარდგენილი. წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა ფეისბუქის პლატფორმაზე, ჯამში, 1 476 343 ლარი დახარჯეს. მათ შორის, სოციალური მედიის პოლიტიკურ რეკლამებზე ყველაზე მეტი თანხა მმართველმა პარტიამ გადაიხადა - 514 222 ათასი ლარის ოდენობით. მას მოჰყვება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, დახარჯული 422 883 ათასი ლარით, ხოლო სარეკლამო ხარჯებით მესამე ადგილს, დახარჯული 136 433 ათასი ლარით, პ/გ „ლელო საქართველოსთვის“ იკავებს. 

ფეისბუქზე პოლიტიკური პარტიები ოპერირებენ და რეკლამებს ათავსებენ როგორც ძირითადი, ისე სხვადასხვა სტრუქტურული ორგანიზაციის, რეგიონული ან რაიონული/მუნიციპალიტეტის ერთეულებისთვის შექმნილი ოფიციალური გვერდების მეშვეობითაც. პოლიტიკური პარტიების სარეკლამო დანახარჯებს შორის, „სამართლიანი არჩევნები“ მათი წარმომადგენლების/კანდიდატების გვერდების ინდივიდუალურ ხარჯებსაც განიხილავს. მოცემულ გვერდებზე რეკლამის საფასურის გადამხდელად მანომინირებელი პოლიტიკური პარტია ან თავად კანდიდატია მითითებული. მაგალითად, ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 9 აგვისტოდან 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში პლატფორმაზე რეკლამა „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სტრუქტურული ორგანიზაციისა და ლიდერების/კანდიდატების 110-მა გვერდმა გამოაქვეყნა. განსხვავებული მაგალითია პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ რეკლამები, რომლებიც მხოლოდ გაერთიანების ლიდერის, კახა ოქრიაშვილის, ფეისბუქგვერდიდან თავსდებოდა. ქვევით მოცემულ გრაფიკზე დატანილია თითოეული გვერდის მიერ ყოველკვირეულად გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობა და გვერდები კლასიფიცირებულია პოლიტიკური პარტიების კუთვნილების მიხედვით.

რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, ფეისბუქის (მეტას) პლატფორმებზე გამოქვეყნებული რეკლამების პოტენციური ნახვებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს, რაც სხვა პარტიებთან შედარებით გვერდებისა და რეკლამების მაღალი რაოდენობით აიხსნება. მითითებულ პერიოდში, „ქართული ოცნების“ გვერდების შემდეგ, ყველაზე მაღალი პოტენციური ნახვა ჰქონდა ენმ-ის გვერდებს - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement და Nika Melia / ნიკა მელია. 

„ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის გვერდების გარდა, ნახევარ მილიონზე მეტი საშუალო პოტენციური ნახვა ჰქონდათ შემდეგ გვერდებზე გამოქვეყნებულ რეკლამებს: გახარია, საქართველოსთვის / For Georgia, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის, კახა ოქრიაშვილი / Kakha Okriashvili, Droa • დროა, Ana Bibilashvili • ანა ბიბილაშვილი.

ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს რეკლამების განთავსების პერიოდულობის განსხვავებული სტრატეგიები ჰქონდათ. მაგალითად, პარტიები „საქართველოსთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „თამაზ მეჭიაური  ერთიანი საქართველოსთვის“ შედარებით მოკლევადიან, მაქსიმუმ 7-8 დღიანი ხანგრძლივობის, რეკლამებს აქვეყნებდნენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ უმეტესად ერთი, ორი ან სამდღიანი რეკლამები ჰქონდათ განთავსებული, თუმცა, რეკლამების მცირე ნაწილი 10-13 დღის ხანგრძლივობითაც გამოქვეყნდა. შედარებით ხანგრძლივი რეკლამები განათავსეს „გირჩმა“ და „ლელომ“, რომელთა რეკლამები 16-19 დღის განმავლობაში იყო აქტიური. „ქართული ოცნება“ უმეტესად საშუალოდ ორდღიან რეკლამებს აქვეყნებდა, თუმცა მისი სტრატეგია სხვა პარტიებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მოკლევადიანი რეკლამების პარალელურად, რამდენიმე 55-დღიანი ხანგრძლივობის რეკლამა ჰქონდა განთავსებული. საერთო ჯამში, საარჩევნო სუბიექტების მიერ გამოქვეყნებული რეკლამების 55%-ის ხანგრძლივობა საშუალოდ 2 დღე იყო.

 

1.2 პოლიტიკური რეკლამების დემოგრაფიული განაწილება

ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკა პოლიტიკური რეკლამების მნახველთა აუდიტორიას საქართველოს რეგიონების მიხედვით აგენერირებს. მხოლოდ ორი პარტიის, „საქართველოსთვის“ და „პროგრესი და თავისუფლება“  რეკლამების აუდიტორიის 70%-ზე მეტი წარმოადგენდა საქართველოს რეგიონებს. ენმ-ის, „მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოს“ და „გირჩის“ რეკლამების მნახველი აუდიტორიის 40-45% თბილისის მოსახლეობა იყო, ხოლო დანარჩენი აუდიტორია სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდებოდა. 

საპირისპირო პროპორციით ხასიათდებოდა „ქართული ოცნების“ და „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ რეკლამების აუდიტორია - აუდიტორიის დაახლოებით 60% თბილისის მოსახლეობა იყო. აღსანიშნავია, რომ ვატო შაქარიშვილის,“ ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“, „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მიერ განთავსებული რეკლამების აუდიტორიის 70-89%  თბილისს წარმოადგენდა.

პოლიტიკური პარტიების მიერ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე განთავსებული რეკლამების აუდიტორიის გენდერული განაწილება მეტ-ნაკლებად თანაბარია, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ და „გირჩის“ რეკლამების აუდიტორიის უმრავლესობა მამრობითი სქესისაა, ხოლო „ლელოსა“ და „პროგრესი და თავისუფლების“ რეკლამების აუდიტორიის 55% და 56% მდედრობითი სქესის.

რეკლამების აუდიტორიის ასაკობრივი განაწილება პარტიების მიხედვით მეტ-ნაკლებად მსგავსია. თუმცა, თვალშისაცემია, რომ 18-24 წლის ასაკობრივი კატეგორია სხვა პარტიებთან შედარებით ნაკლებად არის წარმოდგენილი შემდეგი საარჩევნო სუბიექტების რეკლამების აუდიტორიაში: „თამაზ მეჭიაური  ერთიანი საქართველოსთვის“, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ვატო შაქარიშვილი. 5%-ს არ აღემატება „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ და „პროგრესი და თავისუფლების“ რეკლამების აუდიტორიაში 65 და მეტი წლის ასაკობრივი კატეგორია. სრულიად განსხვავებულია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ აუდიტორიის ასაკობრივი განაწილება: აუდიტორიის 96% ნაწილდება 44 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც 35-44 წლის ასაკობრივ ჯგუფს მხოლოდ 19% უკავია.

 

2. ანონიმურად დასპონსორებული საარჩევნო კამპანია

2.1  მადისკრედიტირებელი ანონიმური გვერდები

2.1.1 ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მოქმედი გვერდები

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი 40 გვერდიდან, რომელსაც „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა2, 11 გვერდზე 479 რეკლამა გამოქვეყნდა. მათგან ყველაზე მეტი, 150 რეკლამა გვერდმა „არქივი - Archive“ განათავსა და ყველაზე დიდი ხარჯიც სწორედ მას ჰქონდა. 

ამგვარ გვერდებზე გამოქვეყნებული რეკლამები, ძირითადად, ფორმალურად დეკლარირებულია, თუმცა რეალური დამკვეთების ვინაობა მითითებული არ არის. გვერდების ნაწილზე გადამხდელად მხოლოდ სახელი და გვარია მითითებული, ნაწილი კი რეკლამებს გვერდის სახელწოდებით აქვეყნებს, რაც რეკლამის საფასურის გადამხდელის იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდის. ამასთან, დამკვეთის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ან არ არის მითითებული, ან ყალბია და მხოლოდ გვერდის ვალიდურობისთვისაა დამატებული.

რეკლამების ბიბლიოთეკაზე დაკვირვებით იკვეთება გვერდების კოორდინირება. მაგალითად, გვერდებს „ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails“ და “პოლიტიკური აბსურდი” რეკლამის გადასახადის გადამხდელად მითითებული ჰყავთ „Natela Kiladze“, რაც იმას მიუთითებს, რომ ისინი ერთი წყაროს მიერ იმართება.

ანტიოპოზიციური გვერდების დასპონსორებული კამპანიის მთავარი სამიზნე საარჩევნო პერიოდში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ. გვერდები, ძირითადად, ასპონსორებდნენ პოსტებს წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის, კადრებს საპატიმრო დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. 

არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში გვერდები თბილისის ოპოზიციური კოალიციისა და მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას, მადისკრედიტირებელ რეკლამებს აქტიურად აქვეყნებდნენ. საანგარიშო პერიოდში დასპონსორებული პოსტების ნაწილი მიემართებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა კანდიდატებსაც, მათ შორის, ანზორ მელიას, კობა ნაყოფიას, დავით კირკიტაძესა და გიგი უგულავას.

მადისკრედიტირებელი გვერდების დასპონსორებული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია. გვერდებზე „პოლიტიკური აბსურდი“, „Politics - პოლიტიკა“ და „პოლიტიკური სატირა / Political Satire“ განთავსებულ რეკლამებში გახარია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულ და აღნიშნული ძალის სასარგებლოდ მოქმედ პოლიტიკოსად იყო წარმოჩენილი. რეკლამებში აპელირება ხდებოდა პარტიიდან „საქართველოსთვის“ წევრების წასვლაზეც. გვერდების სხვა სამიზნეებს შორის იყო პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

ოპოზიციის დისკრედიტაციის პარალელურად, გვერდებზე ქვეყნდებოდა „ქართული ოცნებისა“ და მათი ლიდერების მხარდამჭერი რეკლამებიც. გვერდზე „უფალო შეგვიწყალე“ ირაკლი ღარიბაშვილი ეკლესიის დამცველ პოლიტიკოსად იყო წარმოჩენილი, „გლდანელი”, „ვარკეთილი” და „პოლიტიკური სატირა / Political Satire” კი კახა კალაძის მხარდამჭერ პოსტებს ასპონსორებდნენ.

დისკრედიტაციულ გვერდებზე გამოქვეყნებულ რეკლამებში იკვეთებოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების, მათ შორის, „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის“ დისკრედიტაცია. გვერდი „უფალო შეგვიწყალე“ მათ ანტიეკლესიურ სუბიექტებად წარმოაჩენდა. გვერდებზე დასპონსორებულ პოსტებში, ძირითადად, ხაზგასმული იყო ჟურნალისტების სამუშაო ეთიკა და პოლიტიკური მიკუთვნებულობა. გვერდმა „ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails“ დაასპონსორა პოსტი, რომლითაც აუდიტორიას მოუწოდებდა, ერთი დღით გამოერთო „მთავარი არხი“.  რეკლამირებული იყო „ფორმულას“ წამყვანის, მიშა მშვილდაძის, საწინააღმდეგო მასალაც.

მედიასაშუალებების გარდა, დასპონსორებული კამპანია მიემართებოდა არასამთავრობო სექტორსაც. გვერდი „სიმართლის დროა“, რომელიც სხვა კოორდინირებულ გვერდებთან ერთად საარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელ კამპანიაში იყო ჩართული3, „სამართლიანი არჩევნების“ წინააღმდეგ ავრცელებდა რეკლამებს.

 

 

2.1.2 ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედი გვერდები

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ შესწავლილი 35 ანტისახელისუფლებო ფეისბუქგვერდიდან4 საანგარიშო პერიოდში რეკლამებს მხოლოდ 2 აქვეყნებდა. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნებული რეკლამების უმრავლესობა თბილისის მერის, კახა კალაძის, კორუმპირებულად წარმოჩენას და მის მიერ თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით ბრალდებებს შეეხებოდა. დანარჩენი ნაწილი კი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლების საწინააღმდეგო არჩევანის გაკეთებისკენ მოწოდებებს უკავშირდებოდა. რეკლამების განმათავსებელი ერთ-ერთი ფეისბუქგვერდი, „მოდი არჩევნებზე“, რომელზეც ხუთი დასპონსორებული რეკლამა გამოქვეყნდა, ონლაინ მედია „allmedia.ge“-სთან არის დაკავშირებული და გადასახადის გადამხდელად მისი რედაქტორი - გიორგი ქართველიშვილია მითითებული. 

 

 

 

2.2 პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი გვერდების რეკლამები

2.2.1 ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი გვერდები

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, საარჩევნო პერიოდში ფეისბუქზეოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 40 გვერდი მოქმედებდა5, რომელთაგან 7 გვერდი პოსტებს ასპონსორებდა. აღნიშნულ გვერდებზე სულ 33 რეკლამა გამოქვეყნდა, რომლებიც, ძირითადად, საარჩევნო კანდიდატების მხარდამჭერ გზავნილებს ეხებოდა და გვერდების სახელწოდებით იყო დასპონსორებული. „პატრიოტთა ალიანსიდან“ ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი კასრაძის, მხარდამჭერ პოსტებს გვერდი „ჭიათურის საათი“ აზიარებდა. დანარჩენი გვერდები, „თავისუფლება მიშას - Free Misha“, „თავთავი კლუბი / Tavtavi Club“, „საერთო-სახალხო მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის“ და „Giorgi's Page“, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტებს ასპონსორებდნენ.

 

 

2.2.2 ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდები

საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ 30 მხარდამჭერი გვერდი მოქმედებდა6, რომელთაგან 9 ფეისბუქგვერდზე 316 პოსტი დასპონსორდა. რეკლამების ნაწილი მმართველი პარტიის მხარდაჭერას, ნაწილი კი ოპოზიციის საწინააღმდეგო განწყობას გამოხატავდა. გვერდებს შორის, ყველაზე მეტი, 159 პოსტი დაასპონსორა გვერდმა „ქართული ოცნება ჩემი არჩევანია“ რეკლამის გადამხდელად კი მითითებული იყო „41 GD“. გვერდზე გამოქვეყნებულ რეკლამებში ირაკლი ღარიბაშვილი წარმოჩენილი იყო ტრადიციების დამცველ და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ ლიდერად. გვერდი არეკლამებდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, საწინააღმდეგო პოსტებსაც, სადაც იგი მოხსენიებული იყო „გუნდის მოღალატედ“. აღსანიშნავია, რომ გვერდზე დასპონსორებული იყო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მადისკრედიტირებელი პოსტებიც.
„41 GD“-ის მსგავსად, გვერდი „ქართული სული/sakartve1o“, აგრეთვე, რეკლამებში პრემიერ-მინისტრის რელიგიისა და ეროვნული ღირებულებების დამცველად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. მასთან დაკავშირებულია ფეისბუქზე მოქმედი კიდევ ერთი გვერდი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.

 

 

2.3 ცრუ მედიის გვერდები

ცრუ მედიის ტიპის გვერდები სახელწოდების, მასზე განთავსებული მასალებისა და „ჩემ შესახებ” კატეგორიაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით, სანდო ონლაინ მედიის შთაბეჭდილებას ქმნიან. რეალურად კი დასპონსორების მექანიზმის გამოყენებითა და შერჩევითი გაშუქებით, კონკრეტული პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით ახდენენ საზოგადოების ინფორმირებას. 

გასულ არჩევნებზე ცრუ მედიის ტაქტიკა, ძირითადად, ხელისუფლების სასარგებლო კამპანიისთვის გამოიყენებოდა, თუმცა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ახალი ტენდენციის სახით გამოიკვეთა, რომ ეს ტაქტიკა ცალკეული ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდაც გამოიყენებოდა. მაგალითისთვის, „Zugdidi Info / ზუგდიდი“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ანზორ მელიას, „Tsalenjikha News / წალენჯიხა“ - ამავე პარტიის კანდიდატის, გია ხარჩილავას, ხოლო „Tsalenjikha / წალენჯიხა“ - პარტიის „საქართველოსთვის" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის, გელა აბულაძის, სასარგებლოდ კამპანიას აწარმოებდა. 

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი რაოდენობის, 70 პოსტი „სიახლეების ბლოგი • Blog News“-მა დაასპონსორა. მეტწილად, გვერდზე რეკლამის სახით პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებული ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციური კანდიდატებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის საწინააღმდეგო პოსტები თავსდებოდა. ამასთანავე, ზემოაღნიშნულ გვერდთან ერთად „ეროვნული ამბები - National News“ „ლიბერთი ბანკის“ მხარდამჭერ პოსტებსაც ასპოსნორებდა.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით7, აღნიშნული ტიპის გვერდების გამოყენების ტაქტიკა განსაკუთრებით აქტუალური 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან გახდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დეკემბერში „ფეისბუქის“8 მიერ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო საკუთარი პლატფორმიდან წაშლილ გვერდებს შორის, ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებული 35 გვერდი აღმოჩნდა. 2020 წლის არჩევნებამდე „სამართლიანმა არჩევნებმა“ ხელისუფლების მხარდამჭერი გზავნილების გამავრცელებელი და მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი ახალი ცრუ მედიის ქსელი აღმოაჩინა9, რომელთა შემთხვევაშიც ფართო აუდიტორიამდე მისვლის ტაქტიკა არა დარეკლამების საშუალებით, არამედ მრავალათასიან ფეისბუქჯგუფებში აქტიურობით ხორციელდებოდა. აპრილში ფეისბუქის კიდევ ერთ ფართომასშტაბიან წაშლაში ეს გვერდებიც მოხვდნენ, თუმცა მათმა ნაწილმა განსხვავებული მიდგომებით განაგრძო10 ოპერირება. 

 

 

 

2.4 ცრუ მხარდაჭერა

„სამართლიანი არჩევნები“ 2021 წლის არჩევნების პერიოდში აკვირდებოდა ცრუ მხარდაჭერის ტაქტიკით მოქმედ გვერდს სახელწოდებით „2 ოქტომბერს მიშა საქართველოში•mishasakartveloshi“11. გვერდი საანგარიშო პერიოდში ასპონსორებდა პოსტებს, რომლებიც, ძირითადად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში ჩამოსვლას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. გვერდი შეფარვით ეწეოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციას. რეკლამების ბიბლიოთეკაში თანხის გადამხდელად მითითებული იყო „mishasakartveloshi“. გვერდზე დასპონსორებულ პოსტებს შორის, ერთ-ერთი გამიზნული იყო მხოლოდ სამეგრელოს რეგიონში მყოფი ფეისბუქმომხმარებლებისთვის. აღნიშნული პოსტი მეგრული ტექსტით განთავსდა და ანზორ მელიას, ნიკა მელიასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებულად წარმოაჩენდა12. 

 

ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემების მიხედვით, 9 გვისტოდან 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში პოლიტიკური და სოციალური რეკლამების ხარჯების პროცენტული განაწილებით, რეგიონებს შორის, თბილისი ლიდერობს, რომელსაც  იმერეთი და აჭარა მოჰყვებიან. 

ქვემოთ წარმოდგენილ რუკაზე მოცემულია მითითებულ პერიოდში გამოქვეყნებული ყველა იმ რეკლამის ხარჯის განაწილება რეგიონების მიხედვით, რომელიც ფეისბუქმა პოლიტიკურად ან/და სოციალურად ჩათვალა, მათ შორის მედიების და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განთავსებულ რეკლამებს.

 

2021 წლის 9 აგვისტოდან 6 ნოემბრის ჩათვლით ფეისბუქზე  განთავსებულ პოლიტიკურ და სოციალურ რეკლამებზე დახარჯული თანხების პროცენტული განაწილება რეგიონების მიხედვით (წყარო: Facebook Ad Library Report)

 

3. დაუდეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2021 წლის 2 აგვისტოდან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქზე ან/და ინსტაგრამზე განთავსებული 384 დაუდეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინა. მათ შორის, 325 რეკლამა პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების/კანდიდატების ოფიციალურ ფეისბუქგვერდებზე განთავსდა. ყველა დაუდეკლარირებელი რეკლამა ორგანიზაციამ გაასაჩივრა („report ad“) სოციალური მედიის პლატფორმასთან, როგორც პოლიტიკური რეკლამა. ორგანიზაციამ, ფეისბუქის წესების შესაბამისად, პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია იმგვარი რეკლამები, რომლებიც: 

  • ეხება ან ეკუთვნის პოლიტიკურ აქტორს, პარტიას, კანდიდატს, კამპანიას და მიზნად ისახავს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას;
  • ეხება არჩევნებს, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მობილიზების კამპანიებს;
  • ეხება სოციალურ საკითხებს.

გასაჩივრებულ რეკლამებს შორის ფეისბუქმა მოქმედება მხოლოდ 10%-ს შეუჩერა. ამდენად, პლატფორმის რეაგირება დაუდეკლარირებელ რეკლამებზე საჩივრების მიმართ არასაკმარისი იყო.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული დაუდეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამები უფრო ხშირად პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობისა და მერობის კანდიდატების ოფიციალურ გვერდებზე განთავსდა. ყველაზე მეტი დაუდეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამა „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „გირჩისა“ და „მესამე ძალის“ ფეისბუქგვერდებმა გამოაქვეყნეს. ამასთან, დეკლარირების გარეშე პოლიტიკური რეკლამები სოციალური მედიის პლატფორმებზე არაპარტიული და ანონიმური აქტორების გვერდებზეც გამოქვეყნდა. მათ შორის ყველაზე აქტიური გვერდი „Politicano • პოლიტიკანო“ იყო.

 

სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამის მხარდამჭერია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტი (IFA)სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორის პოზიციას

 

-----

[1] როდესაც რეკლამის ხარჯის ოდენობა 100 აშშ დოლარზე ნაკლებია, ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის ანგარიშში ხარჯის ზუსტი ოდენობა მითითებული არ არის. მონაცემი წარმოდგენილია, როგორც ‘≤100’.

[2] სამართლიანი არჩევნები: „მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში“, 21 დეკემბერი, 2021 წ. https://isfed.ge/geo/angarishebi/munitsipalitetis-organota-2021-tslis-archevnebis-sotsialuri-mediis-monitoringis-saboloo-angarishi-

[3] სამართლიანი არჩევნები, მანიპულაციური კამპანია Facebook-ზე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. 28 სექტემბერი, 2021 წელი. https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/manipulatsiuri-kampania-Facebook-ze-saarchevno-protsesebtan-dakavshirebit

[4] სამართლიანი არჩევნები: „მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში“, 21 დეკემბერი, 2021 წ. https://isfed.ge/geo/angarishebi/munitsipalitetis-organota-2021-tslis-archevnebis-sotsialuri-mediis-monitoringis-saboloo-angarishi-

[5] სამართლიანი არჩევნები: „მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში“, 21 დეკემბერი, 2021 წ. https://isfed.ge/geo/angarishebi/munitsipalitetis-organota-2021-tslis-archevnebis-sotsialuri-mediis-monitoringis-saboloo-angarishi-

[6] სამართლიანი არჩევნები: „მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში“, 21 დეკემბერი, 2021 წ. https://isfed.ge/geo/angarishebi/munitsipalitetis-organota-2021-tslis-archevnebis-sotsialuri-mediis-monitoringis-saboloo-angarishi-

[7] სამართლიანი არჩევნები: „ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობა საქართველოში: ცრუ მედია გვერდები Facebook-ზე“, 25 იანვარი, 2019

https://isfed.ge/geo/blogi/alternatiuli-realobis-sheqmnis-mtsdeloba-saqartveloshi-tsru-media-gverdebi-Facebook-ze

[8] სამართლიანი არჩევნები: „რომელი სახელისუფლებო გვერდები გააუქმა „ფეისბუქმა“ და რომელი გაუქმდა საკუთარი ინიციატივით?“, 28 დეკემბერი, 2019

[9] სამართლიანი არჩევნები: „პოლიტიკური მიზნით მოქმედი კოორდინირებული ცრუ მედია გვერდების ქსელი“, 30 აპრილი, 2020

https://www.isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/politikuri-miznit-moqmedi-koordinirebuli-tsru-media-gverdebis-qseli-Facebook-ze

[10] სამართლიანი არჩევნები: „Facebook წმენდას გადარჩენილი ცრუ მედიის ქსელი”, 21 მაისი, 2021

https://www.isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/200521114828Facebook-tsmendas-gadarchenili-tsru-mediis-qseli

[11] სამართლიანი არჩევნები: „მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში“, 21 დეკემბერი, 2021 წ. https://isfed.ge/geo/angarishebi/munitsipalitetis-organota-2021-tslis-archevnebis-sotsialuri-mediis-monitoringis-saboloo-angarishi

[12] სამართლიანი არჩევნები: „მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში“, 21 ოქტომბერი, 2021 წ. https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/sotsialuri-mediis-monitoringis-meotkhe-shualeduri-angarishi